კორცხელის ინციდენტის შედარება 2012 წლის ძალადობასთან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ღიმილისმომგვრელია

კორცხელის ინციდენტის შედარება 2012 წლის ძალადობასთან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ღიმილისმომგვრელია

კორცხელის ინციდენტის შედარება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას მიმდინარე ძალადობასთან ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ღიმილისმომგვრელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, არანაირ ძალადობრივ ფაქტებზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა კარგად იციან, რა ხდება საქართველოში.

„ვინ ვინ და ნატო-მ კარგად იცის, რა ხდება საქართველოში. ამიტომ შედარება 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიასთან, ძალადობასთან, უბედურებასთან, რაც გადავიარეთ და ორი თვის წინ კორცხელში მომხდარი ინციდენტის ერთ დონეზე დაყენება, ღიმილისმომგვრელია ბევრისთვის, მათ შორის ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ და გარანტირებულია ყველაფერი. პარლამენტმაც, მთავრობამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო სათანადო იყოს და არ იყოს არანაირი პრობლემა, მაგრამ რაიმე პარალელები იმასთან, რა იყო 2012 წელს და რა არის ახლა, არასერიოზულია და ამას ნატო-ს წევრი სახელმწიფოს არც ერთი წევრი არ იკადრებს და არ კადრულობს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.