ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს ინტერესი, ორმხრივ რეჟიმშიც ხელი შეუწყონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში ძალიან წარმატებულია. „ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შეფასდა საქართველოს პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ყველა ქვეყნის მხრიდან ცალსახად დაფიქსირდა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული და ეკონომოკური განვითარების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და იმ პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას. ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი; ეს არის მესიჯი საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით, გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მართლწესრიგსა და დემოკრატიას. ეს არის ის, სადაც საქართველო მიისწრაფვის და რაც არის საქართველოს არჩევანი“, - განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კომისიის სხდომაზე იმსჯელეს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციაზე, იმ გაფართოებულ პაკეტზე და ახალ ინსტრუმენტებზე, რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. „ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს დამატებითი ინტერესი და მზაობა, ხელი შეუწყონ ორმხრივ რეჟიმშიც ამ პაკეტის განხორციელებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას და საქართველოს მნიშვნელობას ამ მიმართულებით. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.