იმის გამო, რომ სხვადასხვა მხრიდან მოდის არასწორი ინფორმაცია, ზოგიერთის შეფასებით, საქართველოს დიდი დრო დასჭირდა ნატოში ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გახსნაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა.
თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და ტაქსის ბევრმა მძღოლმაც იცის, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე. „მოგილოცავთ ცენტრის გახსნას. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრს იმ ღვაწლისთვის, რომელიც მიუძღვის საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში, თუ რა არის ნატო. მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის სწორად იყოს მიწოდებული ინფორმაცია, თუ რა არის ნატო. ეს პრობლემა დგას მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებშიც და ხშირად მიწევს იმის ახსნა, რომ ეს არ არის მარტო სამხედრო ალიანსი და ნატო არის პოლიტიკური ორგანიზაციაც. ზოგიერთის შეფასებით, საქართველოს დიდი დრო დასჭირდა ნატოში ინტეგრაციისთვის და ეს შეფასებები გამომდინარეობს იქიდან, რომ არასწორი გზავნილები ისმის სხვადასხვა მხრიდან. თუმცა საქართველოს ბევრ მოქალაქეს ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში და ძალიან ბევრმა ტაქსის მძღოლმაც იცის, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე“, - განაცხადა ვერშბოუმ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით კი, დიდი პატივია ასეთი ცენტრის გახსნა. „ცენტრი ბოლო ათი წლის განმავლობაში იყო დაკავებული საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერის გაძლიერებით ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ მომსწრე ვართ, თუ როგორ გაიზარდა ეს რაოდენობა. ეს ცენტრი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა მოსახლეობის ინფორმირებისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.