ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგან ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული

ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგან ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული

მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, მაგრამ ვაღიარებ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ მიაღწია და მაღალ შეფასებას ვაძლევ მჭიდრო ურთიერთობას ნატო-საქართველოს შორის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როდის შეიძლება მოხდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება.

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო აგრძელებს მუშაობას საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.

”ჩვენ ვარშავაში ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებსა და წევრობის მოთხოვნებს. ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცემს ქვეყანას საშუალებას დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას.

მე ვერ დაგისახელებთ ზუსტ ვადებს, რადგანაც ეს მიღწეულ პროგრესზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ის უკვე ვიხილეთ - სერიოზული პროგრესი და რეფორმები, რაც შეეხება საარჩევნო, პრესის თავისუფლების სფეროში რეფორმებს და რასაკვირველია, თავდაცვის სექტორის რეფორმებს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ რეფორმები არა მხოლოდ ნატო-სთან აახლოვებს საქართველოს, არამედ მნიშვნელოვანია უშუალოდ ქვეყნისთვის.