თუ ხარ ძლიერი, შეგიძლია მონაწილოება მიიღო პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს.
როგორც მან საერთაშორისო კონფერენციაზე ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” განმარტა, განჭვრეტადობა და რისკების შემცირება უსაფრთხოების ინტერესის ფარგლებშია და ამიტომ, ალიანსს აქვს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვის ინტერესი.
”ვარშავის სამიტის ერთ-ერთი მიღწევა არის ის, რომ ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკა, რომელიც ნამდვილად არის საერთო პოლიტიკა - ალიანსი გაერთიანებულია იმ იდეის გარშემო, რომ საჭიროა როგორც პოლიტიკური დიალოგის წარმოება, ასევე სამხედრო პოტენციალის გაძლიერება. არა მგონია, რომ ამ ორს შორის იყოს გარკვეული წინააღმდეგობა. პირიქით, თუ ჩვენ ვართ ძლიერი, თუ ჩვენ ვართ გაერთიანებული, თუ ჩვენ სათანადო თავდაცვას და შემაკავებელ ძალას წარმოვადგენთ, ნამდვილად შეგვიძლია რუსეთთან მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დიალოგში. ამიტომაც ამაზე ვსაუბრობ არაერთგზის. მე ამის მჯერა. ჩემი ქვეყანა - ნორვეგია რუსეთის მოსაზღვრეა. პატარა ქვეყანაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ნორვეგიამ მოახერხა პრაგმატული ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია არის ნატოს წევრი. ის, რომ ძლიერი სამხედრო ალინსის წევრი ხარ, როცა ამ ალიანსის ძალას გრძნობ, ეს ნამდვილად საშუალებას აძლევს ქვეყანას ჰქონდეს პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან ტრანსსაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის საკითხებთან, ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თუ ხარ ძლიერი, შეგიძლია მონაწილოება მიიღო პოლიტიკურ დიალოგში რუსეთთან. რუსეთი არის ჩვენი დიდი მეზობელი. განსაკუთრებით, როცა უფრო მეტი დაძაბულობაა, არის სამხედრო აქტივობები, ეს საშუალებას გვაძლევს ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.