პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, გერმანიისა  და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციის გადაღებები დღეს გაიმართება

პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციის გადაღებები დღეს გაიმართება

პროგრამის “გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ქართული მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები დღეს, 7 აგვისტოს, ქინძმარაულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც 16:00-დან 17:00 სთ-მდე მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ   ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გარე სცენებზე მუშაობის პროცესს დაესწრონ. ასევე ჟურნალისტებს შესაძლებლობა მიეცემათ  ინტერვიუ ჩამოართვან ფილმის მთავარ პერსონაჟებს, მერაბ ნინიძეს, ია შუღლიაშვილს და  ფილმის რეჟისორებს, ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს.

დღესვე, გადაღებების პროცესს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან და გადასაღებ მოედანს  მედიასაშუალებებთან ერთად ესტუმრებიან.

ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა და  პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარია, რომელიც უცხოელი კინოპროდიუსერებისთვის კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.  ასევე აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღება საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გერმანიის ტელეარხის ZDF-ისა და კინემატოგრაფიის ევროპული ფონდის ევრიმაჟის ხელშეწყობით ხორციელდება.

ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ შემდეგ, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კინოგაქირავებაში მოხვდა და 2013 წლის ყველაზე წარმატებულ საფესტივალო ფილმად დასახელდა, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ რეჟისორებისთვის, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსისთვის  მეორე ერთობლივი ფილმი იქნება, სადაც ჯამურად 110 ადამიანი დასაქმდა.

პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ ამოქმედებიდან მცირე პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოსულია 5 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 3 ფილმზე 1 ფილმზე მიმდინარეობს გადაღებები და 1 ფილმი მალე დაიწყება. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში   8,009,285.00 ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე.