ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”დღეს დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-ში და ალიანსში გაწევრიანების კურსს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გამოჩენილი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. გვქონდა ძალზე ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, გამეცნო გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენები, დემოკრატიული რეფორმები, მზადება არჩევნებისთვის და განგვეხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით”, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული თემების განხილვა გაგრძელდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
”კომისიის შეხვედრაც ძალიან პროდუქტიული და ინფორმატიული გახლდათ. ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებმა ერთხმად აღიარეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტის შემდეგ ნატო-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა, როგორც უელსის, ისე ვარშავის სამიტებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მიღებული.
„საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და სანდო პარტნიორი. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯფგუფის წევრია. საქართველო მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ეფექტურ მიზანთან. მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში მუშაობა, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების წინაშე და ვამაყობ, რომ საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.