2016 წლის 7 სექტემბერს, 14:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსანში ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონია გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ. სიტყვით გამოვიდნენ: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქ-ნი იეშიმ ელჰან-კაიალარი და კომპანია Siemens Austria-ს წარმომადგენელი გერდ პოლჰამერი. ”ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობისაკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მაჩვენებელია. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან იყო ჩართული აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“- აღნიშნა თავის გამოსვლაში კახა კალაძემ. „ჩვენი მიზანია უცვლელია: გავაძლიეროთ შიდა ქსელი, დავაკავშიროთ ახალი გენერაციის წყაროები სისტემასთან და გავზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გადადინების შესაძლებლობა“- განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ. პროექტის განხორციელებით, შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისისა და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება, მკვეთრად გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობა და ხელი შეეწყო ელექტროენერგიის ექსპორტსა და იმპორტს.