გია ცაგარეიშვილი - წასულების ადგილს ბევრად უკეთესი ადამიანები იკავებენ

გია ცაგარეიშვილი - წასულების ადგილს ბევრად უკეთესი ადამიანები იკავებენ

,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ 200 ადამიანისგან შემდგარ პარტიულ სიას საქართველოს ცენტარლურ საარჩევნო კომისიაში 8 სექტემბერს წარადგენს. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, ეს იქნება ფაქტობრივად ახალი ეტაპი ”თავისუფალი დემოკრატების” წინასაარჩევნო სამზადისსა და ბრძოლაში. 

მისივე თქმით, 8 სექტემბერს, 18:00 საათზე იწურება პარტიული სიების წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უკვე დაასრულეს პარტიულ სიაზე მუშაობა, რომელიც მოიცავს 200 თანაპარტიელს.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, იყო შესაძლებლობა შედგენილიყო სია არა უმცირეს 100 და არა უმეტეს 200 ადამიანისა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ იყო ბევრი მსურველი, გამგეობაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სია მაქსიმალური რაოდენობით ყოფილიყო წარდგენილი.

,,თავისუფალი დემოკრატების“ სიის ფორმირებისას ბევრ დეტალს მიექცა ყურადღება, მათ შორის პარტიის დაპირებას, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი ყოფილიყო სიაში წარმოდგენილი. ჩვენი სია ამ თვალსაზრისით იქნება უპრეცედენტო. 200 წევრიდან სამოცზე მეტი ქალბატონია წარმოდგენილი პარტიულ სიაში. ყოველ ათეულში ჩვენ გვეყოლება სამი ქალბატონო და უფრო მეტიც. ჩვენი ვალდებულება, რომელიც ერთი წლის წინათ გავეცით და გპირდებოდით, რომ ქალბატონები იქნებოდნენ წარმოდგენილნი სიაში მოწინავე პოზიციებზე, სრულად შევასრულეთ”, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

მისივე თქმით, პარტიამ მოიცვა სრულიად საქართველო, ფაქტობრივად ყველა კუთხე, რაიონი და რა თქმა უნდა, დედაქალაქი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდებზე. 

გიორგი ცაგარეიშვილმა ასევე ისაუბრა პარტიის სიის პირველ ოცეულში განხორციელებულ ცვლილებებზე.

,,ჩვენ გარკვეული სახის ცვლილება განვახორციელეთ პირველ ოცეულში და სიის მეცამეტე ნომერი დაეთმო ქალბატონ ნათია კუტივაძეს, ცნობილ ეკონომისტს, ფინანსისტს, რომელიც ჩვენი თანამებრძოლია და ჩვენი ეკონომიკური პროგრამის თანაავტორია დავით ონოფრიშვილთან ერთად. იყო გარკვეული ცვლილებები სიის ფორმირების პროცესში ”თავისუფალ დემოკრატებში”, წასულების ადგილს ბევრად უკეთესი ადამიანები იკავებენ. მინდა მივესალმო იმ ახალ ადამიანებს, რომლებიც მოდიან პარტიაში და იკავებენ ახალ ადგილებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში არა ერთი საინტერესო ახალი ადამიანი გამოჩნდება ,,თავისუფალ დემოკრატებში“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. 

მისივე თქმით, პარტია ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ სრულად მოიცავს ქვეყნის მაჟორიტარულ ოლქებს. პარტია გადადის უფრო აქტიურ შეხვედრებზე, კარდაკარ შემოვლის პრინციპზე და სხვა სახის ღონისძიებებზე. 

ამასთან, გიორგი ცაგარეშვილმა ჟურანლისტებს წარუდგინა ის მონაცემები, რომელიც უკვე მზადაა და თავმოყრილია 8 სექტემბერს ცესკო-ში წარსადგენად. 

მისივე თქმით, დაცულია კანონის ის ნორმა, რომელიც ავალდებულებს არჩევნებში მონაწილეებს შევსებული ჰქონდეთ დეკლარაციები.
„რა თქმა უნდა, პირობა, რომელიც ითვალისწინებდა ნარკოტესტის გავლას, ასევე, დაკმაყოფილებულია. ჩვენ გვაქვს სუფთა სია, არავისთვის არაფერს არ ვმალავთ და მოვუწოდებთ სხვა პარტიებს, მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ამ შემთხვევაში ”თავისუფალი დემოკრატები” იქცევიან“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.