თენგიზ ფხალაძე - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას

თენგიზ ფხალაძე - ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანია, რათა დროულად მოხდეს ვარშავის სამიტზე მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. 

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაქსიმალურად დროულად მოხდეს იმ შეთანხმებების იმპლემენტაცია, რომელიც მიღწეულ იქნა ვარშავის სამიტზე. ვიზიტის პროგრამა მოიცავს შეხვედრების ფართო სპექტრს, რომლებზეც განხილული იქნება აბსოლუტურად ყველა საკითხი, რომელიც მნიშველოვანია ნატო - საქართველოს ურთიერთობებისათვის. ნატო - საქართველოს საბჭოს შეხვედრა საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პროცესის შეუქცევადობას, რომელსაც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ჰქვია, რადგან, როგორც წესი, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი ვიზიტები არაწევრ სახელმწიფოებში არ ხდება. ამავე დროს, ეს საბჭოს მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით წარმოაჩენს, საქართველოს, როგორც ღირებული პარტნიორის მნიშვნელობას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში", - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, რომლის კომენტარსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს დღეს ეწვია. დელეგაციას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში კი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები შედიან. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ხვალ დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტი გენერალურ მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვებს. 
ასევე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა ნატო-ს მუდმივ წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ასევე, საქართველოს პრეზიდენტისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია.