ცესკო-ში პარტიების საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ხვალ იწურება

ცესკო-ში პარტიების საარჩევნო სიების წარდგენის ვადა ხვალ იწურება

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა ხვალ იწურება. საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. შესაბამისად, ხვალ სიების წარდგენის ბოლო ვადაა. 

პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და მისი ფოტოსურათი.
ამასთან, თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. 

გარდა ამისა, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. “საარჩევნო კოდექსის” მიხედვით, ეს თანამდებობებია: - საქართველოს პრეზიდენტი; მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები; ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები; გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; მოსამართლეები; საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები; საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. 

”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკო-ში საარჩევნო სია წარდგენილი აქვს მხოლოდ ”რესპუბლიკურ პარტიას”, ირმა ინაშვილის საარჩევნო ბლოკს - ”გაერთიანებული ოპოზიცია” და ”მემარცხენე ალიანსს”.