"მივმართავ ყველა მხარეს - ნუ ცდილობენ პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას!"

შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პოლიტიკურ ბატალიებში პოლიციელების ჩარევას ნუ ცდილობენ.

შს სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ უწყების წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევაა - მათ უნდა შეძლონ მოახლოებული არჩევნების სამართლიან, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

"მესმის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პოლიტიკური ვნებათაღელვა პიკს აღწევს, მაგრამ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მივმართავ ყველა მხარეს - ნუ ცდილობენ ამ პოლიტიკურ ბატალიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას, ვერავინ მოახერხებს მათ დისკრედიტირებას.

პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება, ჩვენ ვართ საქართველოს და მისი ყველა მოქალაქის პოლიციელები, მაგრამ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება ამ პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობისას. ამდენად, ხაზგასმით ვაცხადებ - პირადად მე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი შემადგენლობა, არ დავუშვებთ დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, რომელი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდარღვევების და კრიმინალების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა თქვენი და თქვენი ოჯახების უსაფრთხოებისთვის. ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.