არ დავუშვებ, ერთეული შემთხვევების გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ

არ დავუშვებ, ერთეული შემთხვევების გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, უწყება ხელს არავის დააფარებს.

დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრმა დემურ სტურუას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს.

"მე დღეს დავბრუნდი საქართველოში, მოგეხსენებათ გერმანიის რესპუბლიკაში ვიმყოფებოდი. მინდა გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ განვითარებულო მოვლენებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკავშირდება. პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, თუ სამართალდამცველები.

ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველთა მხრიდან, ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ ხელს არავის დავაფარებთ. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს. ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევების გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე.

ჩვენს სისტემაში 40 ათასამდე პოლიციელი მუშაობს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, თავისი ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალია. ეს ადამიანები, თქვენი ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან 24 საათის განმავლობაში.

მოვუწოდებ ყველას - ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მიაყენებთ ჩრდილს მთელ ინსტიტუტს, რადგან თქვენი პოლიცია იმსახურებს პატივისცემას. ხაზგასმით ვაცხადებ - სისტემა, როგორც არასდროს, ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე. მე ამას სრული პასუხისგმებლობით ვაცხადებ.

პოლიციელი ჩემთვის იყო და არის გმირი. შესაძლოა, ამ ფრაზის გამო ოპონენტებმა ოპონირება გაგვიწიონ კონკრეტული შემთხვევების ან შესაძლო გადაცდომების მოშველიებით, მაგრამ უდიდეს შეცდომად მიმაჩნია, ერთეული შემთხვევების განზოგადება მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით", -  აღნიშნა შს მინისტრმა.