თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ვანო მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შესთავაზა

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ვანო მერაბიშვილს ახალაიასა და სანოძის დაკავება შესთავაზა

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის მერაბ ბაღათურიას ინფორმაციით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ იმჟამინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიას, ვასილ სანოძისა და ”შარდენ ბარში” მყოფი სხვა პირების დაკავება შესთავაზა. ამის შესახებ ბაღათურიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდების ეპიზოდის განხილვისას მოწმის სახით დაკითხვის დროს განაცხადა.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, სამმართველომ, რომელსაც ის იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო და რამდენიმე დღეში შეკრებილი ოპერატიული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ სანდრო გირგვლიანს უთანხმოება, ”შარდენ ბარში” მყოფ შსს-ს მაშინდელ მაღალჩინოსნებთან მოუვიდა.

მისივე ინფორმაციით, შეკრებილი მასალები, რომლითაც დგინდებოდა, რომ გირგვლიანთან ანგარიშსწორების ბრძანება უშუალოდ ”შარდენ ბარის” მაგიდის წევრი, შსს-ს მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა, პირადად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს გააცნო, რომელიც იმ დროისთვის თბილისის მთავარ სამმართველოს კურირებდა. მოწმის თქმით, მან შესთავაზა მინისტრს, რომ აღნიშნული პირები დაეკავებინათ. როგორც მერაბ ბაღათურიამ დაკითხვისას აღნიშნა, ვანო მერაბიშვილმა სავარაუდოდ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოახსენა მისი ნათქვამი და ამის შემდეგ მინისტრმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან კონტაქტი შეწყვიტა.

”მომდიოდა ინფორმაციები, რომ სააკაშვილს უთხრეს, თბილისის პოლიცია ჩვენი ხალხის წინააღმდეგაა განწყობილიო. ამ ამბის მერე დაიწყო ჩვენს თავს ყველა უბედურება. დაგვესია კუდი, სოდი, გენინსპექცია. შემდეგ მე გამიშვეს უფროსის თანამდებობიდან და ბიჭებიც, რომლებსაც არაერთი ორდენი ჰქონდათ მიღებული, სამსახურიდან გაუშვეს. სანამ თბილისის მთავარი სამმართველოდან გამიშვებდნენ, დამიბარეს ბრიფინგზე, თუმცა არ მივედი. მერე როცა ვუყურე ტელევიზორს, ვნახე, რომ დაუკავებიათ მხოლოდ შემსრულებლები, ბრძანების მიმცემი, რომლების დაკავებაც მე შევთავაზე, მინისტრს არ დაუკავებია. ამას ყველაფერს კი მიაწერდნენ თბილისის პოლიციას, მაგრამ რეალურად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია”, - განაცხადა თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალის ეპიზოდს, როგორც მოწმემ აღნიშნა, ყოფილმა პრეზიდენტმა სავარაუდოდ იცოდა, თუ რომელი დანაშაულის ჩედენისთვის გასამართლებულ პირებს იწყალებდა. როგორც ბაღათურიამ განაცხადა, მას ჰქონდა ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულები სასჯელს სასათბურე პირობებში იხდიდნენ.