რუსეთი დიდ გავლენას ახდენს აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე

რუსეთი დიდ გავლენას ახდენს აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე

რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო ”რუმსში” განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” მიმდინარეობს.

გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მოქალაქე მოკლეს საოკუპაციო ხაზზე და მისი მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია.

”რუსეთი დიდ გავლენას ახდენს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობებზე. რამდენიმე თვის წინ საოკუპაციო ხაზზე ქართველი მოკლეს. კამერამ გადაიღო მკვლელი და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თავისუფალია. რასაკვირველია, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მთავრობის იმიჯზე, მმართველი პარტიის იმიჯზე. ყოველდღიურად აკავებენ ეთნიკურ ქართველებს საოკუპაციო ხაზის მახლობლად მისი გადაკვეთის გარეშეც კი, როდესც ისინი საქონელს მწყემსავენ, შეშას აგროვებენ. რამდენიმე დღით ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, დაკავებული და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს სტაბილურობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ საკითხებზე გამოსავალი არ არის და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს იქ აკავებენ ყოველდღიურად.

”რუსული პროპაგანდა დაინტერესებულია იმით, რომ ამ რეგიონში თავისი ზეგავლენა დაიმკვიდროს. საქართველოს მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიზანია როგორმე შევარბილოთ ეს რისკები და ავიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მიზანი არის ის, რომ თანმიმდევრულად დავუახლოვდეთ ევროკავშირს, რომ მოხდეს ქვეყნის რეფორმირება ევროპული, ნატო-ს სტანდარტების მიმართულებით. პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ეს ამოცანა და ეს დავალება შეასრულა.