ვიზალიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განუცხადა.
„ჩვენთვის ძალიან მკაფიოა, რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მოსახლეობას - ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია; აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც კომისიის, ისე პარლამენტის მხრიდან. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. მთავარი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ორმხრივად ყველაფერი გაკეთდა, სამოქმედო გეგმა შესრულდა, არის პოზიტიური განწყობა, აქედან გამომდინარე, პროცედურებს დაველოდოთ“, - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება იმას, იქონიებს თუ არა ვიზალიბერალიზაციაზე გავლენას ის, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, ბაქრაძემ აღნიშნა: „ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ვიზალიბერაზალიციით ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალი სამი წლის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავიწყებთ ამ სვლას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიხილეთ უპრეცედენტო, ღია, სამართლიანი გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.