პრეზიდენტი - 8 ოქტომბერს ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის

პრეზიდენტი - 8 ოქტომბერს ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის

2016 წლის არჩევნებზე ჩვენ უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მიმდინარეობს. 

გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, როგორც დემოკრატიული ძალისხმევა. 

„ეს იყო ის მომენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მთავრობა შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალური ადამიანების მიერ ხმის მიცემით. ეს იყო მშვენიერი გამოცდილება. ამავე დროს ეს არჩევნებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნები რა თქმა უნდა, უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ და დიდი ყურადღებით დააკვირდნენ ამ პროცესს. ჩვენ ეს დაგვეხმარება როგორც ქვეყანას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები...

ახლა ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ ევროპულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლებისთვის, ასევე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგან ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევანის წინაპირობა. ასევე პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას, ისინი საუბრობდნენ შავ-თეთრ ფერებში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ „მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება