გიორგი მარგველაშვილი - ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ

გიორგი მარგველაშვილი - ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ

ჩვენ უფრო ორგანიზებული ვართ ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებში, ვიდრე თავად ევროკავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ განაცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ მიმდინარეობს.

მარგველაშვილმა ვიზალიბერალიზაციაზე საუბრის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის გაჭიანურება ევროკავშირის შიგნით არსებულ პრობლემებს უკავშირდება. 

„პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მას უფრო დატვირთული ევროპული დღის წესრიგი ექნება. 

კონფერენცია „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ „მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება.