გორის რაიონში პაატა ბურჭულაძის ბლოკის კანდიდატი - სოფელ ქიწნისში დღეს განმეორდა კორცხელი

გორის რაიონში პაატა ბურჭულაძის ბლოკის კანდიდატი - სოფელ ქიწნისში დღეს განმეორდა კორცხელი

გორის რაიონში „პაატა ბურჭულაძის - სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მედეა აბაშიძე ხელისუფლებას მათი ბლოკის წევრის ცემაში ადანაშაულებს.

როგორც აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს, სოფელ ქიწნისში საზოგადოებამ „კორცხელი იხილა“.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრისას, „ყოფილი „ნაციონალი“, ზონდერბრიგადის ხელმძღვანელი ვინმე ბიბილაშვილი ძმასთან ერთად თავს დაესხა მის შვილს, რომელიც ბლოკის წევრია“.

„ქიწნისში დღეს გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. აღმოჩნდა, რომ ამავე სოფელში „ქართული ოცნების“ კანდიდატ თემურ ხუბულურსაც ჰქონდა შეხვედრა... სხვადასხვა მხარეს ვიდექით, რომ უცებ უკნიდან ვიღაც მივარდა ჩემს შვილს და ბეჭებიდან დაუწყეს ცემა. ეს იყო ყოფილი „ნაციონალი“, ზონდერბრიგადის ხელმძღვანელი, ვინმე ბიბილაშვილი. ის და მისი ძმა დაესივნენ ამ ბიჭს. გვაიძულებდნენ, დატოვეთ სოფელი და როცა ჩვენ ჩავატარებთ, მერე შეგიძლიათ მობრძანდეთო“, - განაცხადა მედე აბაშიძემ.

მანვე „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური დებატებში გამოიწვია.

„დღეს გორის რაიონის სოფელ ქიწნისში განმეორდა კორცხელი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოვუწოდებ მაჟორიტარობის კანდიდატ თეიმურაზ ხუბულურს, თავი დაანებონ ასეთი მეთოდების გამოყენებას... დავამტკიცებ, რომ ის არის პოლიტიკური არარაობა. სადაც უნდა, რომელ ეთერშიც უნდა მოვიდეს. ამ კაცის ადგილი გორის რაიონში არ არის. ის არის პოლიტიკური გვამი გორის რაიონში“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძის ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატმა.