საკმაოდ ინტენსიური საუბრები მიდის, თუ როგორ შეიჭრან ღონისძიებებზე, შეხვედრებზე და მოახდინონ პროვოკაცია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარტიის წევრის თამარ ჩუგოშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ შესაძლოა, გარკვეულ არეულობას გეგმავდეს.
„სიტყვა შესაძლოა, შეიძლება უადგილოც იყოს, ვინაიდან სხვადასხვა, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროები ამაზე მიანიშნებს. საქართველოში არაფერი არ იმალება, საკმაოდ ინტენსიური საუბრები მიდის, თუ როგორ შეიჭრან ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, როგორ მოახდინონ პროვოკაცია. მე პირადად მქონდა ასეთი საფრთხე, თუმცა ამის პრევენცია მოხდა, ძალიან ბევრი ხალხი იყო შეხვედრაზე და ეს ვერ განხორციელდა. ბევრი ასეთი შემთხვევაა, რომელიც მიანიშნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაქცევად დიდი შანსია, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.