გია ვოლსკი - დავით უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა

გია ვოლსკი - დავით უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ მნიშვნელოვნად შეამცირა

„რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ დავით უსუფაშვილის საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, „რესპუბლიკელების“ მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვნად სცილდება.

„რასაკვირველია, რომ არა უმრავლესობის მხარდაჭერა, უსუფაშვილი არ იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და მე ძალიან გული მწყდება, რომ იგი ამ უმრავლესობის მხარდაჭერის იგნორირებით გამოდის „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმიდან, იქცა ოპონენტად ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მას ჯერ კიდევ მართებს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება, რასაც კარგად ასრულებდა, თუმცა „რესპუბლიკური პარტიის“ ფორმატში გადანაცვლებამ მისი დიაპაზონი, საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ვოლსკის თქმით, არ შეიძლება არ დაეთანხმო ექს-პრემიერის ან ნებისმიერი ადამიანის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა.

„მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მითუმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, არცთუ საფუძვლიან კომენტარებსა და განცხადებებზე არის დაყრდნობილი და მნიშვნელოვნად სცილდება იმ ინტერესებს, რაც დღეს საქართველოს გააჩნია“, - დასძინა მან.