საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, საკუთარი კვოტით, ზაზა რუხაძე წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარის აპარატი ავრცელებს. უსუფაშვილის აპარატი ზაზა რუხაძის ავტობიოგრაფიასაც აქვეყნებს.
ზაზა რუხაძე სამართლის დოქტორია, რომელსაც გავლილი აქვს საკონსტიტუციო სამართლის კურსები ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ის 2005 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საქმიანობს, არის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. 2007-2010 წლებში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 1993-2005 წლებში იყო ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის პროფესორი. 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. წლების განმავლობაში მონაწილეობდა საკონსტიტუციო და სამართლებრივი რეფორმების სამთავრობო კომისიების მუშაობაში. არის რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი: „იურიდიული კლინიკის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 2012; „დემოკრატია და მოქალაქეობა“ 2011; „ფედერალიზმის პერსპექტივები საქართველოში“ 2012; „საგადასახადო სამართალი“ 2013; „საკონსტიტუციო სისტემები და კონსტიტუციური პროცესები საქართველოში“ 2009; „სამართლის თეორია“ 2008; „ხელისუფლების ორგანიზაციის დემოკრატიზაცია“ 2003; „საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო“ 2005; „საქართველოს კონსტიტუციური კანონის სახელმძღვანელო“ 1999. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზე.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას - უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.