რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასება, რომ ”რესპუბლიკური პარტიის“ რეიტინგი მხოლოდ 1 %-ია, „ღრმად არასწორია“.
”ეს შეფასება არასწორია ღრმად. მეტი რა უნდა ვთქვა?! როდესაც ასე არასწორია შეფასება, იქ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ასე იმიტომ მიმაჩნია, რომ უკეთ ვიცნობ ”რესპუბლიკურ პარტიას” და პოლიტიკაშიც უფრო დიდი ხანია ვარ, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია. ამ კითხვებს პასუხს არჩევნები გასცემს”, - განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ”რესპუბლიკურ პარტიას” ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს და გამოკითხვების თანახმად, მას მხარს 1%-იც კი არ უჭერს.
”ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება ”რესპუბლიკური პარტიის” რეიტინგს და რატომ - ”რესპუბლიკურ პარტიისთვის” სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება ”რესპუბლიკური პარტია” და სრულდება იქ, სადაც მთავრდება ”რესპუბლიკური პარტია”. დანარჩენი სახელმწიფო რაც ”რესპუბლიკურ პარტიაში” არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება. კი არ ვციტირებ, მათი წევრების გამონათქვამებს ვუკეთებ სწორ ინტერპრეტაციას, რომ ილია ჭავჭავაძე არცთუ ისე კარგი კაციაო და ასეთი გამონათქვამები მათგან ხშირად გვესმის. განათლებულობით დამძიმებული თავებით ხშირად ასეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი საერთო სახალხო საქმესა და სახელმწიფოზე ფიქრის. ისინი ახერხებენ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოტბა შეასხან საკუთარ პარტიას”, - განაცხადა ივანიშვილმა.