ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი, რომელიც ეხება პოლიციის სისტემაში პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის საკითხს.
კვლევის შედეგად იკვეთება, რომ „დიდწილად პოლიციის პოლიტიზირების საფრთხეები შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება, კერძოდ, სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და დაუბალანსებელია. მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უფლებამოსილებები, საკადრო საკითხების რეგულირება ბუნდოვანია და დიდწილად მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. საკადრო პოლიტიკაში მინისტრის მონაწილეობა კი არაგონივრულად ფართოა, ცალკეული საპოლიციო ინსტრუმენტები, მაგალითად, იძულებით ნარკოტესტირება, ადმინისტრაციული დაკავება და სხვა იმდენად ხარვეზიანია და ბუნდოვანია, რომ ხელს უწყობს პოლიციის თვითნებობას და ამარტივებს პოლიტიკური მიზნით პოლიციის გამოყენებას. სუსტია სისტემის შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის დაუსჯელობის პრობლემას“.
კვლევის შედეგად, პოლიცის საქმიანობაზე დაკვირვებით, კვლევის ორგანიზატორების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, კერძოდ, კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა უშუალოდ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, მათი ლიდერებისა და აქტიური წევრების მიმართ ძალადობის სისტემური პრობლემა. მონიტორინგის პროცესში არ აღნიშნულა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში უხეში ძალის გამოყენებით პოლიციის ჩარევა და მისი აღკვეთის ფაქტები. თუმცა, კვლევამ გამოავლინა პოლიციის მხრიდან მკვეთრად რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება ინდივიდუალური აქტივისტების, საზოგადოების ჯგუფების მიმართ.
„კვლევამ ასევე აჩვენა პოლიციის ინერტულობა და არაეფექტურობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობისას, როგორც წესი, ძალადობა კერძო პირების მიმართ იყო გამოვლენილი და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებდა“, - ნათქვამია კვლევაში.
კვლევაში განხილული პრობლემები კვლევის ორგანიზატორების ინფორმაციით, უკვე გადაეცათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირებისთვის.