დიმიტრი ხუნდაძე საკრებულოს რამდენიმე წევრზე - არ მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ მათზე დიდი ფული დახარჯოს, ალბათ, მხოლოდ ხურდა ფულს გაიმეტებს

დიმიტრი ხუნდაძე საკრებულოს რამდენიმე წევრზე - არ მგონია, ჩოჩელი ისეთი უჭკუო იყოს, რომ მათზე დიდი ფული დახარჯოს, ალბათ, მხოლოდ ხურდა ფულს გაიმეტებს

ისინი არც პარტიასთან და არც ჩემთან არასდროს მდგარან და მაინტერესებს ვის გაემიჯნენ, - ასე პასუხობს ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე გუშინ ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს რამდენიმე წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 
დიმიტრი ხინდაძემ იმ პირთა ვინაობა და პარტიული კუთვნილება დაასახელა, რომლებმაც გუშინ მცხეთაში ბრიფინგი გამართეს. 
”მაგალითად, თამაზ ნათელაშვილი ”ლეიბორისტული პარტიის” წევრი, შიო ჯატიაშვილი ასევე ”ლეიბორისტული პარტიის” წევრი. გამოდის, რომ ”ლეიბორისტული პარტია” მცხეთაში მხარს უჭერს ცეზარ ჩოჩელს. მათივე თქმით, ყველაზე კორუმპირებულ პიროვნებას. დავით ჯალაბაძე - ”კონსერვატიული პარტია”, გარიცხულია მისივე პარტიის მიერ. ვაჟა თათარაშვილი - ”პატრიოტთა ალიანსის’ წევრი, გარიცხულია მისივე პარტიის მიერ. თეიმურაზ მირესაშვილი - ”რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ნუგზარ ჩანადირი - ”ბურჯანაძე - დემოკრატები” , ასევე გურამ ანსიანი, საკრებულოში შემოვიდა ”თავისუფალი დემოკრატების” კვოტით, შემდეგ დატოვა, განაცხადი გააკეთა ”ქართულ ოცნებაში”, მაგრამ ის ”ქართულმა ოცნებამ” არ მიიღო. ზაურ ღვინიაშვილი - ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრი. ეს არის ერთადერთი ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, მუშაობდა მუდმივად პარტიის წინააღმდეგ, ამიტომ რაიონულმა ორგანიზაციამ იმსჯელა მასზე და გადააგზავნა რეკომენდაცია პარტიიდან მისი გარიცხვის თაობაზეც ცენტრალურ ოფისში. მაინტერესებს ვის გაემიჯნენ, ისინი არც პარტიასთან და არც ჩემთან არასდროს მდგარან. ჩვენი გუნდი ასეთ ხალხთან არ თანამშრომლობს. მათი ერთადერთი დაინტერესება არის მხოლოდ ფული და იპოვეს კიდეც თავშესაფარი, მაგრამ არ მგონია ცეზარ ჩოჩელი იყოს ისეთი უჭკუო ადამიანი, რომ მათზე დიდი ფული დახარჯოს. მათზე ალბათ, მხოლოდ ხურდა ფულს გაიმეტებს და სწორედ ისინი არიან ამის ღირსი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოს რამდენიმე წევრმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ”ქართულ ოცნებას”, თუმცა ემიჯნებიან ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს. მათი თქმით, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს ცეზარ ჩოჩელს უცხადებენ. მათი გადაწყვეტილება საზოგადოებას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა გურამ ანსიანმა გააცნო.