სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისადმი სომხეთის ურყევი პოზიცია დააფიქსირა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისადმი სომხეთის ურყევი პოზიცია დააფიქსირა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიას შეხვდა.

შეხვედრა ბრატისლავაში, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში 2016 წლის 3 სექტემბერს გაიმართა. 


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ და ედვარდ ნალბანდიანმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა დაადასტურეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს.

მხარეებმა კვლავ დაადასტურეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ამ კონტექსტში მინისტრებმა მიმოიხილეს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთობაში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას. 


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სომხეთის ურყევი მხარდაჭერა. ამასთან, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ გუშინ გაავრცელა სომხეთის სახელმწიფოს პოზიცია მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ცნობა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს შორის თითქოსდა გამართული შეხვედრის, და მითუმეტეს საუბრის ან მოლაპარაკების შესახებ.