კახა კალაძე:  ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია უკეთესობისკენაა

კახა კალაძე: ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია უკეთესობისკენაა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ვაკეში, 2 სექტემბერს მომხდარ მკვლელობას მძიმე ფაქტად აფასებს და აცხადებს, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში უკეთესობისკენაა შეცვლილი.

კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია უარესობისკენაა წასული.

"ფაქტი, რომელიც მოხდა არის ძალიან მძიმე, ცუდი. როგორც მოვისმინე, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. რასაც ოპონენტები საუბრობენ, არის სიცრუე, სიცრუეზე დაფუძნებული დემაგოგია, ეს არ არის სიახლე, ჩვენ წლებია ვისმენთ ამას თავიანთი მედიასაშუალებების მეშვეობით, რაზეც ყველაფერი აგებულია. ყველანაირი სტატისტიკით მაჩვენებლები აჩვენებს, რომ კრიმინოგენული სიტუაცია ქვეყანაში არის აბსოლუტურად უკეთესობისკენ",- განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც, ბადრი ნათობაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სოსო ჯოხაძეს, ხოლო გულ-მკერდის არეში დაჭრა მასთან ერთად მყოფი, ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი. თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია.