ირაკლი ალასანია კონფერენცია ,,წყალტუბო 2016“-ის ფარგლებში ინვესტორებს შეხვდა

ირაკლი ალასანია კონფერენცია ,,წყალტუბო 2016“-ის ფარგლებში ინვესტორებს შეხვდა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია საინვესტიციო კონფერენცია ,,წყალტუბო 2016“-ის ფარგლებში ინვესტორებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატებიდან აცნობეს, „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვალერი ჩეჩელაშვილის ინიციატივით წყალტუბოში საერთაშორისო დონის ინვესტორებთან შეხვედრა პირველად ჩატარდა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ წყალტუბოში, სასტუმროში „პრომეთში“ გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე, რომელიც – ,,წყალტუბო 2016“ -ის ფარგლებში გაიმართა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ ინვესტორებს შეხვდა და წყალტუბოს სტრატეგიული განვითარების გეგმა და პერსპექტივები გააცნო.

„ვალერი ჩეჩელაშვილის ინიციატივით დღეს წყალტუბოში ჩამოსულები არიან საერთაშორისო ბიზნეს წრეების წარმომადგენლები და ის ინვესტორები, რომლებიც წყალტუბოს განვითარების პროცესში დიდ წვლილს შეიტანენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ, „თავისუფალ დემოკრატებს“ შეგვიძლია საქმის კეთება და უკეთესი მომავლის შექმნა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება. მათ ქვეყნის განვითარებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთებიათ და უკეთესი ქვეყნის ასაშენებლად პარლამენტიდან კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ “, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ინვესტორებთან შეხვედრისას.

„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, პარტიის ლიდერმა და მოწვეულმა სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ ინვესტიციებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს წყალტუბოში.

ირაკლი ალასანიას თქმით, ეს პროცესი არ შეჩერდება და კიდევ უფრო გააქტიურდება.

„თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, საინვესტიციო კონფერენციაში - ,,წყალტუბო 2016“ უკრაინიდან, მოლდოვადან, რუსეთის ფედერაციიდან, შვეიცარიიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ინვესტორები მონაწილეობდნენ. „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად მათ წყალტუბოს საინვესტიციო გარემო, ბიზნესის სტრატეგიული განვითარების გეგმა და პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა პროექტების განხორციელებას.