ამომრჩეველთა 87% ფიქრობს, რომ არჩევნებში

ამომრჩეველთა 87% ფიქრობს, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს

მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარტიას აძლევთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში, როგორ ფიქრობთ, რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში - ამ კითხვაზე გამოკითხულთა 51% "ქართულ ოცნებას" ასახელებს.

გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ არჩევნებში "ერთიან ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს.

მესამე ადგილზე 2%-ით "თავისუფალი დემოკრატებია", ხოლო მომდევნო სამ ადგილს 1-1%-ით ლეიბორისტული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისათვის" ინაწილებენ. რაც შეეხება მათ, ვინც პასუხი არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე, მათი რაოდენობა 31%-ია.

ამავე კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა 87% მიიჩნევს, რომ არჩევნებში მისი რჩეული გაიმარჯვებს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა 46% თვლის, რომ არჩევნებს "ნაციონალური მოძრაობა" მოიგებს. ამავდროულად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა 24%-ის აზრით, არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

"ქართული ოცნების" გამარჯვებას პროგნოზირებს, ასევე, თავისუფალი დემოკრატების ამომრჩეველთა 49%, პაატა ბურჭულაძის "სახელმწიფო ხალხისთვის" მხარდამჭერთა 48% და ლეიბორისტული პარტიის ამომრჩეველთა 53%. აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მათ რჩეულებს ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.