ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასკვნით ეტაპზეა მიმდინარე წლის ყველაზე რთული პროექტი - ინანიშვილის ქუჩაზე მდებარე გზის დამჭერი კედლის მშენებლობა.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.
ინანიშვილის 32-38- ნომრებში 83 მეტრი სიგრძის კედელი შენდება. სამუშაოები 15 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 303 988 ლარია. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩაზე დაიწყება კაპიტალური საგზაო სამუშაოები.
„ამ კედლის მშენებლობით ძალიან დიდი საქმე კეთდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. შემსრულებელ კომპანიას მძიმე პირობებში მოუწია მუშაობა - იმის გამო, რომ ტექნიკის შემოყვანა ამ ადგილზე შეუძლებელი იყო, ხელით გაითხარა მთლიანად საძირკველი და მიწის გატანაც ურთულეს პირობებში მოხდა“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით გოგიძემ.
უკვე დასრულდა ნაძალადევის რაიონში არსებული 4 გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა. შესრულებული პროექტების საერთო ღირებულება 79 000 ლარია. მიმდინარე წლის განამვალობაში კედლების რეაბილიტაცია კიდევ 5 მისამართზე განხორციელდება.