გიორგი ვაშაძე:

გიორგი ვაშაძე: "ნაციონალურ მოძრაობაში", გამარჯვების თვითონაც არ სჯერათ

"ახალი საქართველოს" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" გააზრებული არ აქვს ის შეცდომები, რაც 2012 წლამდე დაუშვა.

"პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრობლემას გამოიწვევს ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც ისევ შურისძიებით იქნება აღსავსე.

"ნაციონალურ მოძრაობაში" თვითონაც არ სჯერათ გამარჯვების. ვფიქრობ, ზოგადად პრობლემა იქნება მოვიდეს ძალა, რომელიც ისევ შურისძიებით იქნება აღსავსე, რაც "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში კონტრშურისძიება იქნება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ დავაყენოთ ეს ქვეყანა ფეხზე.

თუნდაც, როდესაც რეფორმებზე ვსაუბრობთ, ბევრი ის პროფესიონალი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო და რეფორმებს ატარებდა, იქ არ არის. ღიად ვთქვათ, რომ ბევრ ადამიანს, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორისაა, პერსონალურად, რეფორმები არ უკეთებია. ისინი, რიგ შემთხვევაში, ან პარლამენტში ისხდნენ, ან მხოლოდ სიტყვებით იყვნენ დაკავებულნი.

მაგალითად დათო ბაქრაძე ავიღოთ - მითხარით რომელიმე რეფორმა თუ უკავშირდება ამ ადამიანს?  ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რეფორმატორების გარეშე დარჩა და არც მგონია, რომ იქ რეალური, სწორი იდეები იყოს. ჩვენს გარშემო, დღეს, გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებსაც რეფორმების ახალი ტალღის დაწყება შეუძლიათ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ