"რესპუბლიკელების" ადგილას, თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ ყოფილი პრემიერის მისამართით, "რესპუბლიკელების" შეფასებებს უხერხულად მიიჩნევს.

როგორც ცნობილია, ლევან ბერძენიშვილმა შემდეგ კომენტარი გააკეთა: "ივანიშვილისადმი ნდობა დაწეულია. ამიტომ, არ მგონია, რომ მისი გამოჩენა სერიოზულად აამაღლებს "ქართული ოცნების" ავტორიტეტს".

ზვიად კვაჭანტირაძის პასუხი ასეთია:

"რაღაც კომენტარები ბატონმა დავითმაც გააკეთა და მათ ადგილას, თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი. ბატონი ბერძენიშვილები განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილმა "რეპუბლიკური პარტია" მიატოვა. "ქართულმა ოცნებამ" მიატოვა "რესპუბლიკური პარტია", რაც გარკვეულწილად, მათი სურვილიც იყო. როგორც თავად ამბობდნენ, ძალების დამოუკიდებლად გამოცდა ძალიან უნდოდათ”, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, ის რომ, "რესპუბლიკური პარტია" აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება იყო.

"ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ "რესპუბლიკური პარტია" აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაება. ვგულისხმობ იმას, რომ ეს პარტია პარლამენტში "ქართულ ოცნებასთან" ერთად კოალიციაში შემოვიდა. 4 წლის განმავლობაში, ერთმანეთთან თანამშრომლობაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით და შესაძლოა, დადგეს ის მომენტი, როცა გარკვეულ საკითხებზე, მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთის მოძიება მართლა დაგვჭირდება", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.