ვთვლი, რომ ანა დოლიძე თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი როყიო განცხადება მის თანამდებობას არ შეესაბამება, - ასე პასუხობს საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტის მისამართით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებას.
ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში ანა დოლიძე პრეზიდენტის სახელით არ ლაპარაკობს.
”არადა მას მოეთხოვება, რომ ზედმიწევნით შეასრულოს ის ამოცანა, რას მას სამსახურეობრივად აკისრია. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ის თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი როყიო განცხადება არც მის თანამდებობას შეესაბამება და ამავე დროს, არც რეალობას ასახავს. გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, მოითხოვს არა მარტო ტექნიკური საკითხის მოგვარებას (რასაც მაღალი კვორუმის უზრუნველყოფა ჰქვია), არამედ შეთანხმებას სხვადასხვა ფრაქციასა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის. დღეს ჩვენ წინასაარჩევნო ოპონირების რეჟიმში ვართ ბევრ პოლიტიკურ სუბიექტთან, რომლებიც გუშინ ერთ კოალიციაში მოიაზრებოდნენ და რასაკვირველია, ამ მხრივ შეთანხმების მიღწევაც სათუაო, რადგან პარლამენტში აღარ არის თანამოაზრეთა გუნდი. საკმაოდ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, ტექნიკური საკითხი რომც იყოს გადაწყვეტილი, ვფიქრობ, შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. ასე რომ, ამ განცხადებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, როგორც ობიექტურ საფუძველზე დამყარებულს. ვფიქრობ, ეს ფაქტორები ძალიან კარგად ესმის საზოგადოებას და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის პრეზიდენტის მრჩეველს”, - განუცხადა ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ და დასძინა, რომ არსებულ ვითარებაში საკმაოდ სათუოა მოსამართლეთა ასარჩევად აუცილებელი 76 ხმის შეგროვება.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სწორი და მართებული განცხადება გააკეთა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ.
”ჯობს 1-2 თვე მოვიცადოთ და ხალხის მანდატით აღჭურვილმა პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ხმების საჭირო რაოდენობით, რათა უკვე შემდგომ წლებში უზენაესი სასამართლო იყოს დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომლებსაც ხმას მისცემს საზოგადოების მიერ მანდატით აღჭურვილი ახალი პარლამენტი. ასეთი მიდგომა ჯანსაღიცაა და ასევე აბსოლუტურად ობიექტურ პირობებსაც ემყარება. ამ მხრივ, აბსოლუტურად გაუგებარია ანა დოლიძის განცხადება. არ მინდა ვიფიქრო, რომ ის საზოგადოებაში დამატებითი დაძაბულობის ფაქტორის შემოტანას ცდილობს, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა ამას გვიჩვენებს. ეს არის მის თანამდებობასთან და ვითარებასთან შეუსაბამო, არაპროფესიონალური განცხადება”, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს. ანა დოლიძე მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზე 6 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის ფორმატში მსჯელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და კანდიდატურების კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანო არჩევნებამდე ვერ მოასწრებს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, მოწმენი ვართ პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების.