საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციასთან სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ამოწმებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციასთან სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ამოწმებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიან ყარაბაღში აფხაზეთის ე.წ. დელეგაციასთან სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია მოწმდება როგორც საქართველოში სომხეთის საელჩოში, ასევე სომხეთში საქართველოს საელჩოში. 

არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. 
შესაბამისი ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვებ-ვერდზე გავრცელდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტ ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.

”მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად. აფხაზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა”, -განაცხადა გაბნიამ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მთიან ყარაბაღთან ურთირთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტი გრძელდება და საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია „სამხრეთ ოსეთის“ და არაღიარებული დნესტრიპირეთის ე.წ. დელეგაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის სოციალურ ქსელში აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ”ფეისბუქში” ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგიანიც ფიგურირებს.