ანა დოლიძე - მოწმენი ვართ პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა, თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი

ანა დოლიძე - მოწმენი ვართ პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა, თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პარლამენტს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს. 

ანა დოლიძე მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზე 6 სექტემბერს, იურიდიული კომიტეტის ფორმატში მსჯელობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება და კანდიდატურების კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანო არჩევნებამდე ვერ მოასწრებს. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, მოწმენი ვართ პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების.

„სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, რომ უზრუნველყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისაგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების უფლება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას ალბათ ფორმალური ხასიათი ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა. 

როგორც კახიანმა განმარტა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ჩატარდება თუ მოსამართლეობის კანდიდატების საკითხზე კენჭისყრა.

”არჩევნებია მოახლოებული და კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები არ ტარდება”, - განაცხადა გიორგი კახიანმა. 

პარლამენტი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს იმსჯელებს. 
მოსამართლეობის კანდიდატების - ლევან ბოძაშვილის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე იქნება. 

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც იგივე - თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა. ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურაც შესთავაზა. რაც შეეხება ანა დოლიძეს, ის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა.