დავით ჯანდიერი - აუდიტის სამსახური გახდა ფინანსური სუს-ი პაატა ბურჭულაძის პარტიის წინააღმდეგ

დავით ჯანდიერი - აუდიტის სამსახური გახდა ფინანსური სუს-ი პაატა ბურჭულაძის პარტიის წინააღმდეგ

სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩევლის, დავით ჯანდიერის განცხადებით, აუდიტის სამსახურის ქმედებები დაშინების პრაქტიკის გაგრძელებაა. ასე ეხმაურება ჯანდიერი აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ ”სახელმწიფო ხალხისათვის” უკანონო შემოწირულობა მიიღო.

”აუდიტის სამსახურში მოწმის სახით დაბარებულმა პარტიის თითოეულმა შემომწირველმა გასაუბრების მიმდინარეობისას ითანამშრომლა ინტერვიუერთან, მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია და მონიტორინგის სამსახურს არ დაუტოვა არანაირი ეჭვი პოტენციური დარღვევის დასადასტურებლად. აუდიტის სამსახური გახდა ფინანსური სუს-ი პაატა ბურჭულაძის პარტიის წინააღმდეგ. ამ სამსახურის ქმედებები არის გაგრძელება დაშინების პრაქტიკის, რასაც ხელისუფლება ეწევა როგორც კერძო ბიზნესის, ისე სხვა პირთა წინააღმდეგ დაფინანსების კანონიერი წყაროების მიღებისთვის ხელშეშლის მიზნით”, - განაცხადა დავით ჯანდიერმა და დასძინა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პარტის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება გააჩნია. 

”მისი მიზანია ერთი მხრივ, ჩვენი მხარდამჭერების პარალიზება წინასაარჩენოდ, ხოლო მეორე მხრივ, კი საქართველოს მოქალაქეების დაშინება, რომ არ აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

მისივე თქმით, მოძრაობას სახელისუფლებო ინსტიტუტების წინასაარჩევნო ძალმომრეობა ვერ შეაშინებს და ის შთამბეჭდავ შედეგებს დადებს არჩევნებში.