ამირან გიგუაშვილმა აქცია სახელწოდებით - ”ჩეჩმა თბილისის მერიასთან“ გამართა

ამირან გიგუაშვილმა აქცია სახელწოდებით - ”ჩეჩმა თბილისის მერიასთან“ გამართა

,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან გიგუაშვილმა თბილისის მერიის წინ აქცია სახელწოდებით ,,ჩეჩმა თბილისის მერიასთან“ გამართა. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიგუაშვილმა თბილისის მერს სიმბოლურად პლასტიკატისგან დამზადებული ჩეჩმის იმიტირებული ვერსია მიუტანა. 

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, აქციის გამართვას აქვს თავისი ძალიან მკაფიო მიზეზი, რადგან გლდანის რაიონის სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობა, სადაც დაახლოებით 3000 ოჯახი ცხოვრობს განიცდის ისეთ ელემენტარულ პრობლემას, როგორიცაა კანალიზაციის სისტემის არარსებობა. 

”ფაქტია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა მთავრობის დროს არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას ამ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 21 საუკუნეში, თბილისში არის რაიონი, სადაც ადამიანებს არ აქვთ გზა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, ინტერნეტი, სკვერი და რაც მთავარია არ აქვთ კანალიზაცია. არც გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში და არც დედაქალაქის ასიგნებებში ამ ტიპის ხარჯთაღრიცხვა გათვალისწინებული არ არის. პრობლემის გადაწყვეტისათვის მოსახლეობამ მიმართა ასევე თბილისის წყლის კომპანიას, მაგრამ უშედეგოდ”, -განაცხადა გიგუაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში პრობლემის გადაწყვეტისათვის არავითარ აქტივობას არ ახორციელებენ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები - გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი მურთაზ შელია.

როგორც გიგუაშვილმა აღნიშნა, აქციის მიზანია „გამოფხიზლდეს დავით ნარმანია და თბილისის მერიის შესაბამისმა სტრუქტურებმა მოახდინონ რეაგირება“. 
მისივე თქმით, 17 აგვისტოს ჩატარებული აქციის შემდეგ, როდესაც ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ გლდანის ორგანიზაციის ინიციატივით გლდანში პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია შემდეგ სიმბოლურად მოხდა ნაგვის „საჩუქრის სახით“ გამოგზავნა თბილისის მერიისათვის, კეთილმოწყობის სამსახურმა ნაწილობრივ დაასუფთავა აღნიშნული ტერიტორია.

” ეს გვაძლევს საფუძველს ვარაუდისთვის, რომ ამ აქციით კიდევ ერთხელ მივაღწევთ დასახულ მიზანს. სამარცხვინოა, რომ 21 საუკუნეში თბილისში არის რაიონი, სადაც მოსახლეობას კანალიზაცია არ აქვს. ხელისუფლება გველაპარაკება, რომ მომავალი არჩევნებიდან დაიწყებენ ქვეყნის აყვავებას, განახორციელებენ გრანდიოზულ პროექტებს, მაშინ როდესაც ოთხი წლის მანძილზე კანალიზაციის პრობლემა ვერ გადაწყვიტეს. გლდანის ამჟამინდელ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანს „ოცნების“ ხელისუფლება ნიშნავს მთის განვითარების კომპანიის დირექტორად, მაშინ როდესაც ეს ადამიანი ოთხი წლის მანძილზე ერთხელ არ ასულა თავისივე ოლქში მდებარე სოფელში და კანალიზაცია ვერ გაუკეთა მოსახლეობას. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ ასეთი ფორმით გვიწევს კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ თბილისის მერიას სხვა ენა არ ესმის. ცოტა ხნის წინ, გლდანელების ინიციატივით თბილისის მერიას სიმბოლურად მუყაოს ყუთით ნაგავი გამოუგზავნეთ და ამის შემდეგ კეთილმოწყობის სამსახურმა ნაწილობრივ დაასუფთავა გლდანის პატარა ტბის ტერიტორია. იმედი მაქვს, ამ აქციის შემდეგაც გიორგიწმინდის მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა გადაუწყდება. პირობას ვაძლევ გლდანელებს, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ, 8 ოქტომბრიდან მათ გზაც ექნებათ, ინტერნეტიც, საკანალიზაციო სისტემაც და გლდანი აღარასდროს იქნება უპატრონოდ მიტოვებული რაიონი დედაქალაქის თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.