საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც ელჩმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოში მისი უდიდებულესობის ელჩად დანიშვნა.
”მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. გამიმართლა, რომ საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ახლა მაქვს შესაძლებლობა აქ ვიცხოვრო და ვიმუშაო. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის მყარი მეგობრული ურთიერთობებია. სამომავლოდ, ბევრი საინტერესო მიმართულებით არის შესაძლებებელი ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება“,- განაცხადა ელჩმა.
მაკენზი სმიტი ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება რაც რწმუნებათა სიგელებს გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე, მაკენზი სმიტი ბრიტანეთის დიპლომატიურ სამსახურში სხვადასხვა საქმიანობით იყო დაკავებული. მისი უკანასკნელი მისია იყო მეხიკოში, დიდი ბრიტანეთის საელჩოში, სადაც ის ელჩის მოადგილე და ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით დირექტორი იყო. მანამდე კი, იგი იმყოფებოდა გაერო-ს დიდი ბრიტანეთის მისიაში, ნიუ-იორკში. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში მას ნამუშევარი აქვს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, ეუთო-ს, ადამიანის უფლებათა დაცვის და მედიის საკითხებზე.