რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ოთარ ვარამაშვილს გაქცევისთვის ბრალს დღეს წაუყენებენ. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში 11:00 საათზეა დაბარებული.
რაც შეეხება ბრალდებულს, ოთარ ვარამაშვილს უკვე მესამე დღეა ეძებენ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.
დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.