რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილის საუბარი რეალობას აცდენილი იყო

რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილის საუბარი რეალობას აცდენილი იყო

ბიძინა ივანიშვილის საუბარი რეალობას აცდენილი იყო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
მისი თქმით, მოსახლეობა სწორად ხედავს, რომ ქვეყანა გაღარიბებულია. „ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე ქვეყნის ეკონომიკა აყვავებულია და უბრალოდ საზოგადოება ვერ ხედავს ამას. სწორედ ამიტომ, თურმე ივანიშვილმა რაიონებში უნდა იაროს და მოსახლეობას ანალიზი ასწავლოს. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია - გუშინ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ წელს, ეკონომიკა მხოლოდ 2,7%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უკან მიდის, უმუშევრობა და სიღარიბე კი იზრდება. ასევე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ათასი საწარმო აშენდა და გარემონტდა. სინამდვილეში კი, არც ერთი სერიოზული და ღირებული პროექტი არ განხორციელებულა. თუ რაიმე გაიხსნა, ყველაფერი წინა მთავრობის პერიოდში იყო დაწყებული. დღეის მდგომარეობით ყველაფერი უარესობისკენ წავიდა - ქვეყანა გაღარიბდა, ფასებმა იმატა, ლარი გაუფასურდა. ამ გაჭირვებული ქვეყნის ამოქმედება 8 ოქტომბერს მოხდება, როდესაც ჩვენ ჩვენი პროგრამით ახალ სიცოცხლეს მივცემთ საქართველოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.