თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მის მიმართ ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.
როგორც გონიოში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის როგორც თავდაცვის მინისტრი, ზრუნავს ჯარისკაცების ინტერესებზე.
მინისტრის თქმით, მისი მთავარი მიზანია ჯარისკაცის უსაფრთხოება და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სათანადო პირობების შექმნა.
„ჩემი განცხადება ემსახურება ერთადერთს - დავიცვა თითოეული ჯარისკაცის უსაფრთხოება და შევქმნა ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობები მოღვაწეობისთვის. ჯარისკაცმა უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს თავი და მშვიდობიან პირობებში, ჯარისკაცს სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას იმისთვის, რომ თავიდან იქნას საფრთხეები აცილებული, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი ვალდებული ვარ, პირველ რიგში ასეთ უსაფრთხოებაზე ვიზრუნო. შესაბამისად, თუ არსებობს ხარვეზები, ვალდებული ვარ, რომ ამ ხარვეზებზე საჯაროდ ვისაუბრო ერთადერთი მიზნით, რაც ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო - ჯარისკაცის ინტერესების, მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიზნით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.