მსოფლიო ბანკი:  2012 წელთან შედარებით, 2014 წელს 400 000-მდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს

მსოფლიო ბანკი: 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს 400 000-მდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს

მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ინფორმაცია ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ ბიზნესფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო.

მისი თქმით, კვლევის "სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის შედარებით ნაკლები წილი - 32.3 (1.2 მლნ.) პროცენტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.6 მლნ-ს) უტოლდებოდა.

"2012 წელთან შედარებით 2014 წელს დაახლოებით 400,000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება კვლავ გაგრძელდება შემდეგ წლებშიც და 2018 წლისათვის აღნიშნული  მაჩვენებელი 25.5 პროცენტს გაუტოლდება. ანუ არსებული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში სიღარიბის მაჩვენებელი 6.8 პროცენტული პუნქტით შემცირდება 2018 წლისათვის. კვლევა ხაზს უსვამს, რომ 2010-2014 წლებში სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება 2010 წლამდე არსებული მდგომარეობისგან, როცა სოციალური ტრანსფერები თამაშობდა უფრო მნიშვნელოვან როლს სიღარიბის შემცირებაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა, რომლის მიზანია სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება მოსახლეობაში.

"მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის შემცირების მამოძრავებელფაქტორებად დასახელდა - ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, სოფლის განვითარებაზე მეტი ყურადღება და  ფისკალური პოლიტიკის როლი.

აღსანიშნავია, რომ სიღარიბის აღნიშნული  მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება როგორც თბილისში, სადაც 2014 წელს 17.2 პროცენტი შეადგინა, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში და სოფლად, სადაც ეს მაჩვენებელი, შესაბამისად 25.4 პროცენტი და 42.8 პროცენტს შეადგენს. იმ ფონზე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მოსახლობის წილი მთლიან მოსახლობაში, რომელიც დღეში 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებს ხარჯავდა, გაიზარდა იმ მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომლებიც დღიურად 5-10 აშშ დოლარს ან 10 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, 2014 წელს საქართველოს მოსახლეობის 1.2 მილიონი 2.5 აშშ დოლარზე მეტს ვერ ხარჯავდა, ხოლო ეს მაჩვენებელი 2010 წელს მნიშვნელოვნად მაღალი იყო და 1.7 მილიონს ადამიანს აღემატებოდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 7%, რაც 260 ათას მოსახლეზე მეტია, დღიურად 10 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ასევე, გაზრდილია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დღეში საშუალოდ 5-დან - 10 აშშ დოლარამდე ხარჯავენ.

"მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე დადებითად მოქმედებს მოსახლობის შემოსავლების ზრდა, კერძოდ, 2010 წელთან შედარებით  2014 წელს ქვეყანაში 8%-ით გაიზარდა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების ზრდა თბილისის გარდა, ასევე, მნიშვნელოვნად მაღალი დაფიქსირდა, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, ასევე სოფლად. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის შემცირების ფაქტორებად საშუალო თვიური შემოსავლის ზრდა (8%), ეკონომიკური აქტივობა (11.11%) და ტრანსფერები სახელდება (8.57%)", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ 2010-2014 წლებში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. ეკონომიკურმა ზრდამ კი ასახვა ჰპოვა როგორც ხელფასების ზრდაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, განსხვავებით 2010 წლამდე პერიოდისგან.

"ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ღარიბების ხელმისაწვდომობის ზრდას. 2010-2014 წლებში ღარიბთა დასაქმების დონე გაიზარდა 50.7%-დან 56.6%-მდე, თუმცა შემცირდა ღარიბ დასაქმებულთა რაოდენობა, რადგან თვითონ ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. მსოფლიო ბანკის კვლევა ასევე ყურადღებას ამახვილებს 2006-2014 წლებში სიღარიბის დონის შემცირებაზე სოფლად, რაც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას სოფლად და სოფლის მეურნეობის სექტორში. ამასთანავე მოხდა სოფლად დასაქმების ზრდა არასასოფლო-სამეურნეო სექტორშიც (მათ შორის: მომსახურების, მშენებლობის და მრეწველობის სექტორში).

2012 – 2014 წლებში რეალურ მაჩვენებლებში სოციალური დანახარჯების ზრდა მოხდა პენსიების, სოციალური და სხვა პირდაპირი ტრანსფერების ზრდის შედეგად. შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებამ ხელი შეუწყო უთანასწორობის შემცირებას", - განაცხადა მინისტრმა.