ბიძინა ივანიშვილი - დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა

ბიძინა ივანიშვილი - დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა

დავით ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც დედაქალაქის მერის საქმიანობა შეაფასა.

”დედაქალაქის მერის საქმიანობა რომ შევაფასოთ, უნდა ვნახოთ, რა გაკეთდა ქალაქში. რაც ბოლოს მოხდა, გამოაჩინა, რომ ნარმანიას საზოგადოებასთან კომუნიკაციის პრობლემა გაუჩნდა. სხვა დანარჩენ შეფასებას რაც შეეხება, უნდა ნახოთ როგორი ქალაქი ჩაიბარა ნარმანიამ და როგორია ახლა. იქაც იგივეს ამბობენ, ქალაქი გაჩერდაო, მაგრამ ამ დროს ციფრებს თუ შევხედავთ ყველაფერი პირიქითაა, ყველაფერი გაცილებით მეტი შენდება, ვიდრე ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს”, - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მას არ მოეწონა, თუ როგორ მიმართა მერმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს.

”შეიძლება ამ მხრივ ცოტა პრობლემა არის და შეიძლება კითხვები იყოს, მაგრამ მთავარია სტანდარტი, რომ ხელისუფლება სათავისოდ არ გამოიყენოს, გამჭვირვალე იყოს მმართველობა და ამ მხრივ პრობლემები არ არის, ხოლო მენეჯმენტი როგორია, ამაზე შეიძლება კითხვები არსებობდეს”, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ”მაიმუნო ვირიშვილოთი” მიმართა, რისთვისაც ბოდიშის მოხდა მოუწია.