იმის თქმა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მასობრივად გაუმჯობესდა, ძალიან რთულია, თუმცა შეღავათები რომ ყველამ მიიღო, ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის პროექტები ბევრ ადამიანს დაეხმარა.
„რაც შეეხება იპოთეკარებს, ამაზე კითხვა თუ გექნებათ, წინასწარ გეტყვით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, თუმცა იპოთეკარების ნაწილმა, სწორედ საოპერაციოდ ჩადეს სახლი ბანკში, ძალიან ხშირად ტრაგიკულად მთავრდებოდა ოპერაციები და უბედურდებოდნენ ეს ოჯახები. შევხედოთ, ჯანდაცვაში რაც მოხდა”, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ჟურნალისტებს, რომ დაინტერესდნენ და ამოიღონ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა.
„ძირითადი თანხები თითქმის, ვერტმფრენებზე, აგარაკების მშენებლობაზე და სხვა დანარჩენ ფუფუნებაზე იყო მიმართული. ჩვენ ყველაზე დიდი თანხები მივმართეთ ჯანდაცვაზე, რადგან ყველაზე დიდი პრობლემაც ეს გახლდათ. გარდატეხა მოხდა პრინციპული ჯანდაცვაში, საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ჩვენი ჯანდაცვა ევროპულისგან ძალიან განსხვავდება და კიდევ უფრო განსხვავდება ამერიკულისგან. კრიტიკა თუ გვინდა, შეგვიძლია, ვაკრიტიკოთ. მასობრივად იმის თქმა, რომ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეს ძალიან რთული სათქმელია, თუმცა შეღავათები რომ ყველამ მიიღო, ეს ფაქტია“, - განაცხადა ბიძია ივანიშვილმა.