მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას შევადაროთ, მაგრამ ასეთი განზოგადება, რომ გაჩერდა ყველაფერი, გადით რეგიონებში და ნახეთ რამდენი გაჭირვებული ადამიანია, არ არის მთავრობის საქმიანობის რეალური შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, გაჭირვებული ადამიანები არიან ევროპის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში.
„როდესაც ამბობენ, გაჩერდა აჭარა, რის საფუძველზე ამბობენ, როდესაც ინვესტიციები 2 ნახევარჯერ გაიზარდა, 80%-ით გაიზარდა ტურიზმი. თუ 8 წელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 200 სასტუმრო ააშენა, 170 სასტუმრო 4 წელიწადში აშენდა და 6 ათასი დამატებითი ადგილი გაჩნდა აჭარაში. ახლა ინვესტიციებზე მოგახსენეთ. 41 ახალი საწარმო გაიხსნა და 5 გარემონტდა 4 წლის განმავლობაში, 8 წლის მმართველობის განმავლობაში 11 თუ 17 ახალი საწარმო გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის განმავლობაში. ციფრები აბსოლუტურად საპირისპიროს საუბრობენ. მახსოვს პირველ წელიწადს, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირველ თვეებში მეუბნებოდნენ, სად არის ის 60 საწარმო, მერე ეს 100 გადააქციეს. მე მართლაც ვთქვი წინასაარჩევნო დაპირებაში, რომ თითოეულ რეგიონში მართლაც აშენდეს თითო საწარმო, საშუალო ან მცირე, მართლაც ვთქვი 60, მერე 100 -ად გადააქციეს და ვიდრე ვიყავი პრემიერი, 6 თვის განმავლობაში მიტევდნენ, აბა სად არის, დღეს რატომ აღარ კითხულობენ? რადგან გაცილებით მეტი საწარმო გაიხსნა, გარემონტდა 1000-მდე, ახალი საწარმოც გაცილებით მეტია ვიდრე 100 და როგორც მე მახსოვს 135-მდე ახალი, გარემონტებასთან და აღდგენასთან ერთად 1000 საწარმომდე მოხდა განახლება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აჭარაში მშენებლობის მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი, გაზრდილია ტურიზმიც.
“თუ სახელმწიფო სამშენებლო კომპანია აჭარაში 2003-2011 წლებში 21 მილიონის მილიონის ინვესტიცია გააკეთა, 2012-2016 წლებში 64 მილიონი. ციფრები სულ სხვა რამეზე საუბრობენ, აბსტრაქციაში მიდიან ერთი მიზეზით, კონკეტრული შეკითხვა არ აქვთ. როდესაც მშენებლობა 70%-ით არის გაზრდილი, ორნახევარჯერ არის გაზრდილი ინვესტიციები, რა აძლევს საფუძველს გაჩერების- არაფერი მაგრამ სათქმელი არაფერი აქვთ და აზოგადებენ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.