IDFI-საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია

IDFI-საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია

IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. IDFI-ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი: "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა" მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას.

IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.

საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად სახელდება პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, მათ შორის, „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.

IDFI-ის შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, IDFI-ის აზრით, კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში; მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად; საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი; საჭიროა ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ; უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები; საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.