გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ღიაა ყველა წინადადებისთვის, რომელიც მყვინთავებსა და დარგის ექსპერტებს გააჩნიათ. როგორც კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის რაც მან სპეციალისტებისგან ღია ეთერის საშუალებით მოისმინა, ზოგადი და არადამაჯერებელი მოსაზრებები იყო.
”ჩვენ ღია ვართ და მზად ვართ მათგან მივიღოთ მოსაზრებები. თუმცა შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თურქული ხომალდი, რომელიც სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო, მეტი თუ არა, ნაკლები არაა თავისი კვალიფიკაციით ჩვენთან არსებული შესაძლებლობებისა და მყვინთავების კვალიფიკაციასთან შედარებით. ის, რაც მოვისმინე ტელევიზორიდან, არ იყო დამაჯერებელი და იყო ძალიან ზოგადი. თუ რამე კონკრეტული აქვთ, მზად ვართ მოვისმინოთ, მათ წინადადებების მოწოდებაში არავინ უშლის ხელს, მაგრამ ამას ნუ გააკეთებენ თვითრეკლამირების მიზნით. ტყუილად ნუ ქმნიან ზედმეტ მოლოდინს მაშინ, როდესაც თავად პასუხისმგებლობას არ იღებენ არაფერზე. არც ერთ მყვინთავთა ფედერაციას და არც ერთ სამაშველო ორგანიზაციას ისე არს ტკივა ეს ბიჭები, როგორც ჩვენ. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა ამ ბიჭების პოვნა”, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.