საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ორდღიანი ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართა და ამ ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საპარლამენტო შეხვედრა დროული და მნიშვნელოვანია.
„ამ კონფერენციაზე ყველა ორი განცდის გამო ჩამოვედით - გადაუდებლობის განცდისა და იმედის გამო. გადაუდებლობის განცდა მოდის იმ ვითარებიდან, რასაც ყველა ვხედავთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ ინდივიდუალური გზა ევროპისკენ, ევროკავშირისკენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი ფიქრები და ძალისხმევა რამდენიმე საერთო საკითხმა გააერთიანა. ვხედავთ, რომ ევროპა გამოწვევების წინაშე დგას და ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი პრობლემების მოგვარებაში. გადაუდებლობის განცდა მოდის იმ ფაქტიდან, რომ ინტეგრაციის პროცესები გაამწვავა გაჩენილმა პრობლემებმა. მაგრამ იმედის შეგრძნება მოდის იმ ფაქტიდან, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ევროპელი მოთამაშე, როგორიცაა პოლონეთის რესპუბლიკა, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდება. იმედი ისაა, რომ ევროპაში არის ქვეყნები, სადაც ამ საკითხებს სერიოზულად ეკიდებიან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო იქნება მათ შორის, ვინც აქტიურად იქნება ჩართული ანალიზსა და დისკუსიებში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სანამ ევროკავშირი რეფორმებზე ფიქრობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი საზღვრების მიღმა სხვადასხვა მოვლენები ვითარდება და რეფორმებზე ფიქრისას, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური ღირებულებები და მიზნები ფუნქციურია.
„რომ არ მივიდეთ სოლიდარულად დახუჭულ თვალებამდე, როდესაც ზოგი ევროპული ან მეზობელი ქვეყანა ძალადობს საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე. აქ ჩვენ სოლიდარულები ვერ ვიქნებით. სოლიდარობა მუშაობს და ფუნქციონირებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები თანაბრად იცავენ იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ 21-ე საუკუნის თანამედროვე მსოფლიოს ფუნდამენტია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მან ეროვნული პარლამენტების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები პოლიტიკოსებისგანაც მოდის. მისი თქმით, თუ პარლამენტი ხალხს უკეთ მოემსახურება, ნაკლები პრობლემა შეიქმნება. მისი შეფასებით, ეროვნულმა პარლამენტმა „პოლიტიკის კეთების“ და ლიდერობის მაღალი სტანდარტი უნდა დააწესოს და მეტი პასუხისმგებლობა იტვირთოს.
ევროკავშირზე საუბრისას კი პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახლა პოპულარულია ევროკავშირზე მითითება და მისთვის ყველა შესაძლო შეცდომის დაბრალება.
დავით უსუფაშვილმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ივლისში საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას წარმატებით უმასპინძლა, ხოლო 2017 წელს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ინიციატივას, ამ ტიპის შეხვედრები პერმანენტული გახდეს.