ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგზე ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა გაასაჯაროვეს.
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დღეს მათ გადაეცათ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის დასკვნა, რომელიც ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეგზავნა.
ბარათაშვილის განცხადებით, ამ დასკვნის თანახმად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი ე.წ. კაბელების საქმის გარემოებებს სწავლობდა.
„დღეისთვის უკვე არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც დეტალურად არის განხილული ყველა ასპექტი. შემიძლია ვთქვა, რომ მეცნიერულ დონეზეა შესწავლილი ეს საქმე. გამოყენებულია, როგორც ქართული ისე უცხოური სამართლებრივი წყაროები“, - აღნიშნა ბარათაშვილმა.
მისივე თქმით, ის რაც წერია სასამარლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუუნქტით გარანტირებულ უფლებას.
„ფაქტობრივად დასტურდება, რომ ეს ადამიანები არ წარმოადგენდნენ ამ ქმედების სუბიექტს. ასევე დასტურდება, რომ ის რასაც ეწოდება „წინასწარშეთანხმებული ჯგუფი“ და რაც მათ ედებათ ბრალად, ეს საერთოდ არ არის საქმეში. აქედან გამომდინარე, პირუთვნელი ოფიციალური პირის - სახალხო დამცველის დასკვნიდან პირდაპირ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ხუთი ადამიანი, რომელიც დღეს არის მსჯავრდებული ე.წ. კაბელების საქმეზე და ბრალად ედება საქართველოს საქართველოს სისლის სამრთლის კოდექსის 182-ე მუხლით დანაშაული გაფლანგვის ჩადენა, დაპატიმრებულია სრულიად უსაფუძვლოდ. თუ ამ საქმის კონტექსტს გავითვალისწინებთ, ისინი არიან დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით და წარმოადგენენ პოლიტპატიმრებს“, - დასძინა ბარათაშვილმა.
ადვოკატის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში იხილება ე.წ. კაბელების საქმე და ხვალ არის დანიშნული სასამართლო პროცესი. ბარათაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული დასკვნა, რომელიც სახალხო დამცველმა გადაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს, გამოყენებული იქნება ერთ-ერთ უპირველეს არგუმენტად. ბარათაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო სხდომა ხვალაც არ ჩაიშლება, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში.