ლევან იზორია - დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება

ლევან იზორია - დაკარგული ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება

ჯარისკაცების სამძებრო სამუშაოები არ შეწყვეტილა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
მისივე თქმით, პირადად განუმარტა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, რომ ძებნა შეწყვიტა თურქულმა გემმა, თუმცა საქართველოში არსებული რესურსით ძებნა გრძელდება.

”ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის. მე პირადად ვიყავი ოჯახთან ფიქრებში და არა მხოლოდ - ჩართული ვიყავი სამძებრო ოპერაციებში, არ გამიწყვეტია კონტაქტი მათთან. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა მუდმივად, რომ მთელი უწყება, როგორც ერთი ოჯახი განიცდის ამ ფაქტს და მინისტრი არის ამ ოჯახების გვერდით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები. სწორედ ამიტომ მივმართე თურქულ მხარეს და მათ 11 დღის განმავლობაში დაუღალავი შრომა გასწიეს. მათ თავიანთი ტექნიკური რესურსები ამოწურეს და მე ვალდებული ვიყავი ამის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია წუხელ შეაჩერა. დაკარგული ჯარისკაცების ოჯახები მთავრობას და უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს საძიებო ღონისძიებების გაგრძელებას სთხოვს.